Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მიზანი აქციეთ "მოლოტოვის კოქტეილად"​


მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ამავდროულად არის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, აკრიტიკებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს და ამბობს, რომ ისინი ევროინტეგრაციის საკითხს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის საგნად იყენებენ. მან პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას თქვა, რომ "არ არსებობს რუსული კანონები".

"არ წყდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გამოყენება ხელისუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად ე.წ. პოლიტიკოსების ნაწილის და აქტივისტების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც 2018 წელს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რასაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა და წესით პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ "მოლოტოვის კოქტეილად​", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დეპუტატის თქმით, არსებობს რუსული მიზანი, რომელსაც ზოგი შეგნებულად და ზოგი გაუცნობიერებლად "ერთგულად ემსახურება":

"ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს დღეს ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის გაყოფად ჩადგომა. თქვენ ამის გაკეთებას ცდილობთ მაშინ, როცა სწორედ ეს ხელისუფლება არის ევროკავშირთან სწრაფად დაახლოების ავტორიც, შემსრულებელიც და გარანტიც".

7 მარტს საქართველოს პარლამენტმა, ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი. კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა - "ხალხის ძალამ" - დაარეგისტრირა, მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ნაწილმა კი მხარი დაუჭირა.

იმის მიუხედავად, რომ ბოჭორიშვილი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, მას არც კომენტარი გაუკეთებია და არც პარლამენტის ტრიბუნა გამოუყენებია ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. ამ კანონპროექტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეების ნაწილი "რუსულ კანონს" უწოდებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მისი მიღების მიზანი იყო დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დახურვა. კანონპროექტის შინაარსს აკრიტიკებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები და აშშ.

დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიასაშუალებას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებისგან იღებდნენ შემოსავლის 20 პროცენტზე მეტს, მოუწევდათ "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება. საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავდნენ, რომ ამ კანონპროექტის მიღებას შესაძლოა, ხელი შეეშალა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.

ხალხმრავალი გამოსვლების შემდეგ მმართველმა პარტიამ 9 მარტს განაცხადა, რომ უკან გაიწვევდა კანონპროექტს - ასეც მოიქცა, თუმცა ამ კანონის მნიშვნელობაზე განცხადებები მაინც კეთდება .

XS
SM
MD
LG