Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მას და ანი წითლიძეს ლაზარე გრიგორიადისის მონახულებაზე პაპუაშვილმა უარი უთხრა


"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი

პარტია "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მას და დეპუტატ ანი წითლიძეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უარი უთხრა ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე.

"შიშს მართლა ძალიან დიდი თვალები ჰქონია! დღეს დავრწმუნდი, რომ გეშინიათ, მე და ანი წითლიძე არ დაგვიშვით ლაზარესთან, რათა ვნახოთ, როგორ არის ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც მთელი სახელისუფლებო და პროპაგანდისტული მანქანა გაქვთ მოქოქილი და რომლის უფლებების დარღვევაზეც ძალიან ბევრი განცხადება კეთდება", - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის სპიკერს სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ამბობს, რომ ჯერ წერილობითი უარი არ მიუღია, თუმცა დილით მის თანაშემწეს შალვა პაპუაშვილის კაბინეტიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ, "სამწუხაროდ, უარია".

"ახლა ველოდები ოფიციალურად რა მიზეზი იქნება. მართალია, ესაა პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ ეს არ გულისხმობს თვითნებურად ან ახირებით ძალაუფლების გამოყენებას, ანუ დასაბუთება და უარის თქმის მიზეზი უნდა ჩანდეს", - თქვა დეპუტატმა და ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულის მონახულებაზე უარის თქმის მიზეზებზე მას საკუთარი ეჭვები აქვს:

"ეჭვები გამიძლიერა იმან, რომ თმა გადაპარსეს. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება, არ შევეშვით. არ უნდათ შეუშვან ადამიანი, რომელსაც იქედან ამბის გამოტანა შეუძლია".

ანა ნაცვლიშვილის განცხადებას სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, იგი "საკითხის პოლიტიზირების საფრთხეს" ხედავს და "სწორედ ეს არის საფრთხე მართლმსაჯულებისთვისაც".

"ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. არანაირი უფლება პარლამენტის წევრის არ არსებობს. სხვა შემთხვევაშიც მითქვამს, სამწუხაროდ, ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის დეპუტატების მხრიდან და სცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც არის განსაზღვრული...

თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველმა მოინახულა კონკრეტული ბრალდებული, ასევე მისი ადვოკატი შეუფერხებლად შედის შიგნით, ყველაფერი საჯაროა. არ მგონია, რომ არსებობს დამატებითი საჭიროება უფლებრივი ჩარევის... მეორე მხრივ, მე ვხედავ ამ საკითხის პოლიტიზირების საფრთხეს და თქვენს ამოსვლასაც სწორედ ეს შინაარსი სდევს, რომ პოლიტიკური ასპექტი ჩადოთ. სწორედ ეს არის საფრთხე მართლმსაჯულებისთვისაც", - ამბობს პაპუაშვილი.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG