Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ს მომხსენებლები საქართველოს მოუწოდებენ შეჩერებული რეფორმების გაგრძელებისკენ


საილუსტრაციო ფოტო. სტრასბურგი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) სხდომათა დარბაზი
საილუსტრაციო ფოტო. სტრასბურგი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) სხდომათა დარბაზი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მომხსენებლები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ საქართველოს მიერ ევროსაბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულებას, მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში რეფორმების პროცესი შეჩერებულია.

კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, რომლებიც 27-29 მარტს საქართველოში იმყოფებოდნენ, პარლამენტის და მთავრობის წევრებს შეხვდნენ. ამ ვიზიტის შესახებ მომხსენებლების განცხადება 4 აპრილს გამოქვეყნდა PACE-ს ოფიციალურ ვებსაიტზე.

მომხსენებლები ხაზს უსვამენ, რომ ევროპის საბჭოში გაწევრების შემდეგ, საქართველომ ბევრი რეფორმა განახორციელა და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამ ეტაპზე კი, კერნი და ესტრელა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, რეფორმები, როგორც ჩანს, აშკარად შეჩერდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა განცხადებით, საქართველო გზაგასაყარზეა. ისინი ქვეყნის ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდით გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის რეალიზაციისთვის, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

კერნი და ესტრელა აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი საქართველოსთვის სიახლე არ არის და მნიშვნელოვანწილად ემთხვევა პრიორიტეტულ რეფორმებს, რომლებზეც საუბარია საქართველოს მიერ ევროსაბჭოსადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ ბოლო, 2022 წლის რეზოლუციაში. ამ დოკუმენტში საუბარია საქართველოში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის აღმოფხვრის აუცილებლობაზე, რაც დამოკიდებულია ყველა პოლიტიკური ძალის, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის პოლიტიკურ ნებაზე, შეცვალონ თავიანთი ქცევა და მიდგომები.

ამ კონტექსტში, მომხსენებლებმა დაგმეს გახშირებული თავდასხმები, ხშირად ანონიმი პირების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე. მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მათი ერთგულების ეჭვქვეშ დაყენებით, რამაც შესაძლოა, მათ ფიზიკური საფრთხეც შეუქმნას. კერნი და ესტრელა აცხადებენ რომ საქართველოში არსებული აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, ამიტომ, ხელისუფლებას მოუწოდებენ, მტკიცედ დაგმოს და საჭიროების შემთხვევაში გამოიძიოს თავდასხმები, რომლებიც მიმართულია ამ ორგანიზაციების გაჩუმებისა და სტიგმატიზაციისკენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები ადასტურებენ, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმირების გაგრძელება, რათა მას ჰქონდეს მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი. კერნი და ესტრელა აუცილებლად მიიჩნევენ იუსტიციის საბჭოს შემდგომ რეფორმირებასაც, რათა აღმოიფხვრას კორპორატივიზმი, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჭვირვალობა და სასამართლო სისტემაზე არასათანადო კონტროლი, რაც ხელყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. როგორც მომხსენებლები აღნიშნავენ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში. კერნმა და ესტრელამ შეშფოთება გამოთქვეს, რომ რთული იქნება ამ კანონით გათვალისწინებული ე.წ. პერსონალური მიდგომის შესაბამისობაში მოყვანა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

გარდა ამისა, მომხსენებლების შეფასებით, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის და სასამართლო სისტემაზე იუსტიციის საბჭოს კონტროლთან დაკავშირებული შეკითხვების ფონზე, პერსონალურმა მიდგომამ შესაძლოა, კანონი დაუცველი გახადოს პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებისგან, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს. მომხსენებლების რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე სისტემური მიდგომის სასარგებლოდ, რომელსაც აშკარად უპირატესობას ანიჭებს ვენეციის კომისიაც.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების მიერ საქართველოში გამართულ შეხვედრებზე საუბარი იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც. კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა შემაშფოთებლად მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ უთანხმოებას და აცხადებენ, რომ მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საკითხის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ, უტყუარ და სანდო ინფორმაციას.

მომხსენებელთა შეფასებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიუკერძოებელი, უცხოელი ექიმების ყოფნა, ამიტომ, ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს მოუწოდებენ, სწრაფად მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას უცხოელ ექიმებზე.

XS
SM
MD
LG