Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ვარშავის როლი მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის რეკონსტრუქციის ძალისხმევისთვის


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. ვარშავა, 2023 წლის 5 აპრილი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. ვარშავა, 2023 წლის 5 აპრილი

ვარშავაში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა პოლონეთს მიიჩნევს თავის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო დასავლელ მოკავშირედ და უმნიშვნელოვანეს პარტნიორად უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში, რუსეთთან ომის დამთავრების შემდეგ.

ზელენსკი, რომელმაც შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან და პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, ეს პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დუდამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლონეთი უკრაინას საერთო ჯამში გადასცემს 14 MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.

"ოთხი MiG-29, რომლებიც საცავში იყო, ბოლო თვეებში უკვე გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. კიდევ ოთხის გადაცემა ამჟამად მიმდინარეობს, ანუ საერთო ჯამში რვა [თვითმფრინავი]", - განაცხადა დუდამ და დასძინა: "მზად ვართ კიდევ ექვსის გადასაცემად, რომლებიც ამჟამად მომზადების პროცესშია. ვფიქრობთ, მათი გადაცემა მალე განხორციელდება".

დუდას თქმით, ვარშავა მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიიღოს ნატოს სამიტზე, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ივლისში გაიმართება.

უკრაინა განაგრძობს ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას აღმოსავლეთში, სადაც რუსეთის ძალები უკვე თვეებია ცდილობენ ქალაქ ბახმუტის და დონეცკის რეგიონის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების დაკავებას. ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ სიტუაცია კვლავაც ძალიან რთულია და "შესაბამისი გადაწყვეტილებების" მიღება იქნება საჭირო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელ სამხედროებს ალყაში მოქცევის საფრთხე დაემუქრებათ.

XS
SM
MD
LG