ლიბანიდან და ღაზის სექტორიდან ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელმა უსაფრთხოების კაბინეტი შეკრიბა და შემდგომ ნაბიჯებზე თათბირი გამართა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა შურისძიების შესახებ. ისრაელის მტრები აგრესიისთვის საფასურს გადაიხდიან, თქვა ნეთანიაჰუმ. მან აღნიშნა, რომ ექსტრემისტების წინააღმდეგ გადაჭრით იმოქმედებს.
გაზეთ „Jerusalem Post-ის“ თანახმად, ისრაელი იმოქმედებს ყველა დონეზე, რათა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება. ისრაელის არმიის მიხედვით, ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთისკენ 38 რაკეტა იქნა გატყორცნილი. ბევრი მათგანი საჰაერო თავდაცვამ გადაიტაცა. მანამდე ღაზის სექტორიდან რამდენიმე რაკეტა ისროლეს ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით. არმია მიიჩნევს, რომ თავდასხმების უკან პალესტინელთა დაჯგუფებები არიან.
აშშ-მა, გერმანიამ და საფრანგეთმა, ასევე გაერომ დაგმეს ისრაელზე თავდასხმა.
სარაკეტო თავდასხმას წინ უძღოდა იერუსალიმში, "ტაძრის მთაზე", პალესტინელებსა და ისრაელის უშიშროების ძალებს შორის შეტაკება, როცა ისრაელის პოლიციამ რეიდი განახორციელა მუსლიმთა წმინდა ადგილზე, ალ-აქსის მეჩეთში, რაც დაგმობილი იქნა არაბულ სამყაროში.
ისლამისტური გაერთიანების, "ჰამასის" მეთაური ისმაილ ჰანია 6 აპრილს ლიბანში იმყოფებოდა. "ჰამასი" ღაზის სექტორს აკონტროლებს, საიდანაც რაკეტები დაუშინეს ისრაელს "ტაძრის მთის" ინციდენტის შემდეგ.
ლიბანის სამხრეთში განთავსებულმა გაეროს სამშვიდობო ძალებმა შექმნილ ვითარებას რეგიონში „უკიდურესად სერიოზული“ უწოდეს და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.