Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო გელათზე: შეიქმნება რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი


გელათის მონასტერი
გელათის მონასტერი

საქართველოს საპატრიარქო გელათის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 24 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საპატრიარქო განახორციელებს. ხელშეკრულებას სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწერს ხელს.

საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით გეგმავს რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის შექმნას, რომელშიც ქართველი და საერთაშორისო დონის უცხოელი მეცნიერები ერთად იმუშავებენ და შექმნიან კონსერვაციის ახალ და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტს, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე. ამგვარი კომიტეტის შექმნა იყო ICOMOS/ICCROM-ის სპეციალისტების ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიშშია გაცემული.

"გელათის ტაძრების მხატვრობის და უპირველეს ყოვლისა ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს, გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM -ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას, - ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო აპირებს ასევე შექმნას გელათის სპეციალური ვებგვერდი, საიდანაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, "რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება".

ცნობისთვის, კულტურის სამინისტროს უკვე ორი წელია ვებსაიტი არ აქვს და საკომუნიკაციო არხად იყენებს ფეისბუკის გვერდს. რაც შეეხება გელათს, იქ ბოლო წლებში ჩატარებული საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ არაერთი დასკვნაა მომზადებული, რომლებშიც ნათქვამია, რომ ჩატარებული სამუშაოები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გრძელვადიანად საზიანო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ძეგლისთვის.

კულტურის სამინისტრომ გელათის საპატრიარქსთვის გადაცემა იქ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად სწორედ ამ დასკვნების გასაჯაროების შემდეგ გადაწყვიტა - ამ დრომდე გელათში ჩატარებული გაუმართლებელი სამუშაოების გამო არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ ყოფილა განხილული.

XS
SM
MD
LG