რუს სპეციალისტებს შეეძლოთ განზრახ დაეზიანებინათ სლოვაკური მიგ-29 გამანადგურებლები, რომლებიც უკრაინისთვის გადასაცემად იყო განკუთვნილი. როგორც გამოცემა „ევროაქტივი"(Euractiv) წერს, ამის შესახებ განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა, რომლის თანახმად, ქალაქ სლიაჩში განლაგებულ ავიაბაზაზე რუსი სპეციალისტები 2022 წლის ბოლომდე იმყოფებოდნენ.
მინისტრმა თქვა, რომ თვითმფრინავებში აღმოჩნდა ხარვეზები. კერძოდ, ერთ-ერთი მფრინავის თანახმად, რუსების მიერ ჩატარებული რემონტის შემდეგ ერთ-ერთმა ძრავამ, ნაცვლად განსაზღვრული 350 საათისა, მხოლოდ 70 საათი იმუშავა.
პოლიციის გამოძიებამ აჩვენა, რომ დეფექტები გამოვლინდა მხოლოდ MiG-29 ძრავების იმ ნაწილებში, რომლებსაც რუსი სპეციალისტები ემსახურებოდნენ. ამავე დროს, ვერ დადასტურდა, რომ აღნიშნული დაზიანებები განზრახ იქნა მიყენებული.
იაროსლავ ნადმა თვითმფრინავის დაზიანების შესახებ ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ განაცხადა.
13 ერთეული მიგ-29 გამანადგურებლის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება სლოვაკეთის მთავრობამ 17 მარტს მიიღო. სანაცვლოდ ბრატისლავა ამერიკულ F-16-ებს მიიღებს.
საპასუხოდ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სლოვაკეთმა დაარღვია 1997 წლის ორმხრივი შეთანხმება, რომელიც მეორე მხარის თანხმობის გარეშე კრძალავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შედეგად შეძენილი აღჭურვილობის მესამე ქვეყნებისთვის გადაცემას.