7 აპრილის მონაცემებით, ცნობილი ხდება უკრაინასთან ომის დროს დაღუპული 19,688 რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელები. მათგან მინიმუმ 1,783 მობილიზებულია. დანაკარგები, მოხალისეთა გუნდთან ერთად, „მედიაზონამ“ და „ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა გამოითვალეს.
როგორც ადრე, ყველაზე დიდი ყოველდღიური დანაკარგი აქვს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს", რომლის დაქირავებული არმია ბახმუტის მახლობლად ბრძოლებში მონაწილეობს. როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, მიმდინარე წლის მარტში დაქირავებულ პატიმრებზე მოდის რუსეთის მხრიდან ომში განცდილი დანაკარგის ყველაზე დიდი წილი.
დაღუპულთა საერთო რაოდენობიდან 2200-ზე მეტი რუსეთის არმიისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ოფიცერია, მათგან, სულ მცირე, 220-ი პოლკოვნიკია. დაღუპულთა უმეტესობა კრასნოდარის ოლქიდან, ვოლგოგრადის, სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის რეგიონებიდან, ბაშკირეთისა და ბურიატის რესპუბლიკებიდან არიან.
გამომძიებელი ჟურნალისტები დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას საომარი მოქმედებების დაწყებიდან აგროვებენ. მონიტორინგის ანგარიშში მხოლოდ ის სამხედროები ხვდებიან, რომელთა გარდაცვალებაც ღია წყაროების საფუძველზე დადგინდა. დანაკარგების რეალური რაოდენობა, კვლევის ავტორების აზრით, შეიძლება შესამჩნევად მაღალი იყოს. გარდა ამისა, ჟურნალისტებმა არ იციან დაკარგულთა და დატყვევებულთა რაოდენობა.
არც რუსეთი და არც უკრაინა ოფიციალურად არ აქვეყნებენ მონაცემებს საკუთარი დანაკარგების შესახებ.