Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

II მსოფლიო ომის მემორიალი გადაკეთდეს, გააერთიანოს ყველა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - პრეზიდენტი


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, თბილისში, „ვაკის პარკში“ მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გადაკეთდეს იმგვარად, რომ გააერთიანოს ყველა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

„თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში ვიყოთ გაერთიანებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და დაამატა: „უფრო ღირსეული იქნება, როცა ან უცხოელ სტუმრებს მივიყვანთ და ავუხსნით, რა არის საქართველოს ისტორია, ან ჩვენ მოწაფეებს გავაგებინებთ, რა იყო ეს ღირსეული ფურცლები ჩვენი ისტორიისა“.

პრეზიდენტის თქმით, 9 აპრილი არის სიმბოლო ერთიანობისა და ერთობის და მას უწოდა „სიმბოლო გამარჯვების უფრო მეტად, ვიდრე - ტრაგედიის. ამიტომ უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ“.

„გავაუქმეთ 70 წელი მონობის. გავაუქმეთ, მაგრამ არ დავივიწყეთ. 9 აპრილი ასევ არის ყველა ჩვენი ბრძოლისა და ომის გაერთიანება, სადაც ქართველები საკუთარი იდენტობისთვის, ენისთვის, რწმენისა და მომავლისთვის იბრძოდნენ“, - თქვა ზურაბიშვილმა.

34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG