რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა და მოუწოდა მათ, გვერდში დაუდგნენ შვილის გათავისუფლებისთვის. ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, მას 7-8 მარტს გამართულ აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პოლიციის ავტომობილის დაწვას ედავებიან.
„ლაზარე მართალი კაცია, ამას ყველას წინაშე ვიძახი. უბრალოდ მითხარით, დღევანდელ სასამართლოში შეიძლება ადამიანი გაასამართლონ?! მურუსიძის სასამართლოში შეიძლება ადამიანი გასამართლდეს, ხალხო?! რომ გვქონოდა ნორმალური სასამართლო წყნარად, მშვიდად დაველოდებოდი პროცესს და გავამართლებდი ჩემს შვილს, იმიტომ რომ ის არავის მოკვლას არ აპირებდა, გამორიცხულია. მე ლაზარეს ვიცნობ, მაგრამ მოდი და ამ სასამართლომ გაასამართლოს, ხომ ხედავთ, როგორ ასამართლებენ?!“- თქვა ბექა გრიგორიადისმა.
მას სჯერა, რომ ქართველი ერი არ გაწირავს ლაზარეს. ბექა გრიგორიადისის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი „პოლიტიკური პატიმარია“. მან ახალგაზრდებს და აქციის მონაწილეებს მიმართა: „ძალიან გთხოვთ, დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ და ეს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ წავიყვანოთ იქით, საითაც არის ევროპა და არა რუსეთის უკანა ბოსტან-ბაღები“.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა. აქციის სლოგანი იყო - "ერთად ევროპაში".
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა აქციის მოთხოვნები ჩამოთვალა, ესენია: ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადადგომა; ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება; ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულება, დეოლიგარქიზაცია და სასამართლოს რეფორმა.
- 7-8 მარტის აქციებზე თბილისში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერა. ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს აგენტებად დარეგისტრირება მოუწევდათ. საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია.
- 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.
აშშ-ს საელჩომ საქართველოში განმარტა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედ თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობისგან მტკიცებულებები მოითხოვა.