Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 52 შეტევა


განადგურებული სახლები და ავტომანქანა ქალაქ ბახმუტში. 2023 წლის 9 აპრილი
განადგურებული სახლები და ავტომანქანა ქალაქ ბახმუტში. 2023 წლის 9 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 39 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ეს-300 ტიპის 4 რაკეტით ქალაქ კრამატორსკზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 47-ჯერ დაცხრილა თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 52 შეტევა.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) გეოლოკაციური მასალების გამოკვლევის საფუძველზე წერს, რომ 9 და 10 აპრილს, რუსეთის ძალებს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდათ ქალაქ ბახმუტიდან დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთით. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს ახალი მონაკვეთების დაპყრობა მნიშვნელოვანი დანაკარგის ფასად უჯდება.

გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 1 რაიონი და საბრძოლო მასალების საწყობი. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი მი-24 და 9 უპილოტო საფრენი აპარატი.

XS
SM
MD
LG