Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურ ქსელებში ვრცელდება სავარაუდო უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის ვიდეო


სამშაბათს საღამოს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თეთრ სამკლავურიან (ჩვეულებრივ, უკრაინაში რუსი სამხედროების იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება) სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები სასტიკად კლავენ სავარაუდოდ უკრაინულ სამხედრო უნიფორმაში მყოფ მამაკაცს.

ვიდეოში, რომელიც წუთ-ნახევარი გრძელდება, ადამიანების სახეები ნიღბებითაა დაფარული. ერთ-ერთი მათგანი საუბრობს რაციაზე და აძლევს მითითებებს მეორეს, რომელიც თავს აჭრის მიწაზე დაგდებულ კაცს. ჩანაწერში ასევე ჩანს, სავარაუდოდ რუსი სამხედროები ვიდეოკამერაში როგორ აჩვენებენ უკრაინულ, განმასხვავებელ ნიშნიან ტყვიაგაუმტარ ჟილეტს.

უცნობია როდის, სად და ვის მიერ არის გადაღებული ვიდეო. კადრში მოხვედრილი მწვანე ბალახი და ფოთლები იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ იგი გადაღებულია 2022 წლის ზაფხულში. ვიდეოს ავთენტურობა არ დადასტურებულა.

„ინსაიდერის“ თანახმად, ერთ-ერთმა პირველმა სამხედროფორმიანი მამაკაცის თავის მოკვეთის ვიდეო ტელეგრამის არხ "მამრობითი სახელმწიფოს" შემქმნელის, ვლადისლავ პოზდნიაკოვის, დახურულმა არხმა გამოაქვეყნა. ვიდეო ასევე გავრცელდა იმ რუსულ ტელეგრამის არხებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, და ასევე გამოქვეყნდა უკრაინულ სოციალურ ქსელებში.

ინტერნეტში ვიდეოს გამოჩენიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის სოციალურ ქსელებში დაწერა: "ყველაფერზე იქნება პასუხი და დადგება პასუხისმგებლობა." ერმაკს არ დაუკონკრეტებია, თუ რასთან დაკავშირებით დაიდო მისი ეს პოსტი. უკრაინული ტელეგრამის არხები ვარაუდობენ, რომ ეს არის პასუხი სავარაუდო უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯაზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდო უკრაინელი ტყვის სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მანამდე, 6 მარტს, გამოჩნდა სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეო. უკრაინამ მომხდარს ომის დანაშაული უწოდა და საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვა.

  • ჟენევის კონვენციის თანახმად, რომელზეც სხვათა შორის რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი, სამხედრო ტყვეებს გარანტირებული უნდა ჰქონდეთ სიცოცხლე და პატიმრობის ჰუმანური პირობები. სიკვდილით დასჯა ან ტყვეებისადმი სასტიკი მოპყრობა ომის დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მედიაში არაერთხელ გამოჩენილა ტყვედ ჩაბარებულ უიარაღო სამხედრო მოსამსახურეთა მკვლელობების ამსახველი ვიდეოჩანაწერები - როგორც უკრაინელების, ისე რუსებისა.
  • ყოველ ჯერზე მხარეები ერთმანეთს სამხედრო დანაშაულში სდებდნენ ბრალს. უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ დადო პირობა, გამოიძიოს შესაძლო დანაშაულთა შემთხვევები, რომლებიც მისი არმიის სამხედროებმა ჩაიდინეს. ამ გამოძიებათა შედეგების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. რუსეთის ხელისუფლება კი კომენტარს არ აკეთებს უკრაინელ სამხედროთა მკვლელობის ამსახველ ვიდეოებზე.
XS
SM
MD
LG