Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენის შმიჰალმა ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ს კვლავ სთხოვა სამხედრო თვითმფრინავები


უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი (მარცხნივ) და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. ვაშინგტონი, 12 აპრილი, 2023.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი (მარცხნივ) და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. ვაშინგტონი, 12 აპრილი, 2023.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი პენტაგონში შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს. შმიჰალმა ვაშინგტონში ვიზიტისას თქვა, რომ უკრაინას „კვლავაც სჭირდება ინტენსიური სამხედრო დახმარება - მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებიც შეამცირებს რუსეთის ავიაციის დარტყმების ზემოქმედებას, მეტი მძიმე არტილერია, ნაღმსატყორცნები და მათთვის საბრძოლო მასალა“. მან პენტაგონს სთხოვა, „გადახედოს უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების მიწოდების საკითხს“.

ოსტინთან ერთად ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას შმიჰალმა თქვა, რომ კიევი მიესალმება აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს კოალიციას, რათა უკრაინა უზრუნველყოს ტანკებითა და დაჯავშნილი მანქანებით. მაგრამ დასძინა, რომ „იმისთვის, რომ ჩვენი კონტრიერიში წარმატებული იყოს, ასეთი მარაგების გაზრდა გვჭირდება“.

შმიჰალმა აღნიშნა, რომ უკრაინამ შექმნა სამხედრო თვითმფრინავების კოალიცია და თქვა: „შეერთებულ შტატებს ვეპატიჟებით, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი გახდეს“.

უკრაინა თვეების განმავლობაში ითხოვს აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისგან, რომ მას სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. პენტაგონი ამისგან თავს იკავებს კონფლიქტის ესკალაციის შიშით.

მაგრამ შმიჰალმა 12 აპრილს განაცხადა, რომ თანამედროვე ომში საჰაერო უპირატესობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის და რომ ამერიკას შეუძლია „კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ლიდერობა უკრაინისთვის F-15-ების ან F-16-ების გადაცემით“.

XS
SM
MD
LG