კრემლის მიერ უკრაინაში წარმოებული „რუსიფიკაციის“ კამპანია საზიანოდ უბრუნდება თავად რუსეთს და ნაციონალისტურ იდეოლოგიას აძლიერებს. ამის შესახებ წერს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW).
ცენტრის ექსპერტთა დაკვირვებით, რუსმა ნაციონალისტებმა, რომელთა შორის არიან ოფიციალური პირებიც და კრემლის პოლიტიკის გამტარებელი ბლოგერები, უკრაინის "რუსიფიკაციის" კამპანიის საფუძვლად გამოყენებული ქსენოფობიური იდეოლოგია მიმართეს რუსეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგაც.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, რომ რუსეთის ოფიციალური პირები არმიის შევსების წყაროდ მუდმივად განიხილავენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და მიგრანტებს, ანუ მათ, ვინც ქვეყნის შიგნით სამიზნედ არიან ქცეული. როგორც ISW წერს, ბედის ირონიით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ხალხს აკისრებენ უკრაინაში "რუსიფიკაციის" კამპანიის ტვირთს.
ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრს მოჰყავს რასიზმის და ქსენოფობიის რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც.
- რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა სამხედრო ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ გამოიყენოს შუა აზიიდან და კავკასიიდან ჩამოსული მიგრანტები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, რადგან მიმღები ქვეყნის დაცვა მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა.
- დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილმა „თავდაცვის მინისტრმა“, ნაციონალისტმა იგორ გირკინმა რუსეთის ტუვის რესპუბლიკის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, 104 ტერიტორიულ ერთეულს უბრუნებენ ადგილობრივი ტოპონიმიკის შესაბამის ძველ სახელებს.
- 12 აპრილს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის დედაქალაქ უფიდან, სადაც მამაკაცების ჯგუფმა ადმინისტრაციულ შენობებთან ჩაიარა ნაცისტთა მისალმების ჟესტებით და შეძახილებით: „რუსეთი რუსებისთვის“.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინაში ომის გაგრძელებასთან ერთად, რუსეთში ნაციონალისტური ტენდენცია გაძლიერდება და მრავალი წლით შეაღწევს შიდა სივრცეში.