Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: ხერსონის ოკუპაციისას რუსეთი ამუშავებდა "წამების ცენტრს", ჩადენილი აქვს ომის დანაშაულები


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პორტრეტი ხერსონის წინასწარი დაკავების ცენტრში, რომელსაც, უკრაინელების თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ადამიანთა წამებისთვის იყენებდნენ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პორტრეტი ხერსონის წინასწარი დაკავების ცენტრში, რომელსაც, უკრაინელების თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ადამიანთა წამებისთვის იყენებდნენ

რუსეთის ძალები, რომლებსაც უკრაინის სამხრეთის ქალაქი ხერსონი ოკუპირებული ჰქონდათ 2022 წლის მარტიდან ნოემბრამდე, ამუშავებდნენ "წამების ცენტრს" და სხვა მსგავს ობიექტებს, სადაც უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ უკრაინელ სამოქალაქო პირებს, აცხადებს ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი"(HRW) 13 აპრილს.

ნიუ-იორკში განთავსებული უფლებადამცველი ჯგუფის თანახმად, "წამების ცენტრი" მდებარეობდა ტეპლოენერჰეტიკოვოს ქუჩაზე, სხვა მსგავსი ობიექტები განთავსებული იყო მუნიციპალურ შენობებში, სკოლასა და აეროპორტის ნაგებობაში. HRW-მა ინტერვიუები ჩამოართვა მსხვერპლებს, რომლებიც ჰყვებიან, რომ საოკუპაციო ძალები პატიმრებს სცემდნენ, აწამებდნენ ელექტროშოკით და მტკივნეულ, სტრესულ პოზებში დაყენებით ემუქრებოდნენ დასახიჩრებით და მოკვლით.

"ამ საზარელ აქტებში დამნაშავეები დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ", - ამბობს HRW-ის უკრაინის წამყვანი მკვლევარი იულია გორბუნოვა და დასძენს: "მსხვერპლებს და მათ ოჯახებს უნდა მიეცეთ კომპენსაცია და ინფორმაცია მათზე, ვინც კვლავაც დაკარგულია".

მოსკოვს ანგარიშზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია, თუმცა წარსულში ნათქვამი აქვს, რომ მისი ძალები უკრაინაში არ სჩადიოდნენ ომის დანაშაულებს და არც სამოქალაქო პირებს იღებდნენ მიზანში.

HRW ესაუბრა 34 ადგილობრივ პირს. ეს უკვე მეორე ანგარიშია, რომელსაც ორგანიზაცია ამ თემატიკაზე ავრცელებს, 2022 წლის ივლისის შემდეგ.

მოქალაქეებმა უფლებადამცველ ჯგუფს უთხრეს, რომ სამოქალაქო პირებს იტაცებდნენ უკრაინის არმიისთვის ან მთავრობისთვის ინფორმაციის გადაცემის, ან მხარდაჭერის გამოცხადების ეჭვის საფუძველზე, ან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ქალი დაკავებული ჰყავდათ მანამ, სანამ მისი დამალვაში მყოფი ქმარი ჩაბარდებოდა რუსეთის ძალებს.

HRW აცხადებს, რომ ამ აქტებიდან ბევრი ომის დანაშაულს უტოლდება.

XS
SM
MD
LG