რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის საბჭომ გადაწყვიტა ავტორებს დაუბრუნოს 22 წლის წინ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან სიკვდილით დასჯის ამოღებას. ამის შესახებ გამოცემა „ვედომოსტი“ წერს. დუმის საბჭომ გადაწყვეტილება 12 აპრილს მიიღო. მიზეზად დასახელდა რეგლამენტის მოთხოვნები.
კანონპროექტი 2001 წელს, მესამე მოწვევის დუმას წარუდგინა დეპუტატთა ჯგუფმა. ავტორებს შორის იყვნენ: ეგორ გაიდარი, ბორის ნემცოვი და სერგეი კოვალიოვი.
- რუსეთის ეკონომიკური რეფორმების ავტორი ეგორ გაიდარი 2009 წელს გარდაიცვალა.
- „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წელს მოსკოვში მოკლეს.
- უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი 2021 წელს გარდაიცვალა.
კანონპროექტის ინიციატორთა შორის იყვნენ: ირინა ხაკამადა, ბორის ნადეჟდინი და პაველ კრაშენინიკოვიც. წარსულში ნემცოვის თანაპარტიელი კრაშენინიკოვი ერთადერთია, ვინც ისევ დუმის დეპუტატია, ამჯერად - პარტიიდან „ედინაია როსია“.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი სიკვდილით დასჯას დღესაც ითვალისწინებს, თუმცა, მის გამოყენებაზე მორატორიუმია გამოცხადებული ჯერ კიდევ 1996 წლიდან. 2001 წელს, დუმის დეპუტატთა ჯგუფი ცდილობდა, რომ კანონმდებლობიდან ეს სასჯელი საერთოდ ამოეღოთ, თუმცა, ინიციატივა პროექტად დარჩა.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში სულ უფრო ხშირია მოწოდებები სიკვდილით დასჯის აღდგენისკენ. ამ იდეის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერებს შორისაა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი.