Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას აქვს სამხედროების სიკვდილით დასჯის ათობით ვიდეო - უკრაინის ომბუდსმენი


დმიტრო ლუბინეცი, უკრაინის სახალხო დამცველი
დმიტრო ლუბინეცი, უკრაინის სახალხო დამცველი

მსოფლიოს რეაქცია სავარაუდოდ უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაზე, რაც ამ დღეებში მრავალ სოციალურ ქსელში გავრცელდა, არასაკმარისია, აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი.

დღეს უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ვერ დაიცავს ვერც უკრაინა და ვერც საერთაშორისო კანონმდებლობა, რადგან რუსეთი არ ასრულებს ჟენევის კონვენციებს. ამის შესახებ 13 აპრილს რადიო თავისუფლების პროექტს, "თავისუფლება.დილას", განუცხადა უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, დმიტრო ლუბინეცმა.

სამშაბათს საღამოს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თეთრ სამკლავურიან (ჩვეულებრივ, უკრაინაში რუსი სამხედროების იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება) სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები სასტიკად კლავენ სავარაუდოდ უკრაინულ სამხედრო უნიფორმაში მყოფ მამაკაცს.

უკრაინის ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ უკრაინის დაზვერვამ უკვე "დაახლოებით იცის", ვის შეეძლო სასტიკი სიკვდილით დაესაჯა ინტერნეტში მასობრივად გავრცელებულ ვიდეოზე გამოსახული ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვე უნდა იყოს.

დმიტრო ლუბინეცმა დასძინა, რომ უკრაინის ომბუდსმენის ოფისმა მიიღო ათობით ვიდეო, რომლებზეც ასახულია რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედროების დახვრეტის კადრები, მაგრამ არ აქვეყნებს მათ.

„მაგრამ ეს ყველაფერი გროვდება. ჩვენ ვხსნით სისხლის სამართლის საქმეს. ამას აკეთებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი. მაგრამ მსოფლიოს რეაქცია უნდა იყოს მყისიერი და არა მხოლოდ სიტყვები, არა მხოლოდ "ღრმა შეშფოთება", რომელსაც 2014 წლიდან ვისმენთ“, - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

  • ჟენევის კონვენციის თანახმად, რომელზეც სხვათა შორის რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი, სამხედრო ტყვეებს გარანტირებული უნდა ჰქონდეთ სიცოცხლე და პატიმრობის ჰუმანური პირობები. სიკვდილით დასჯა ან ტყვეებისადმი სასტიკი მოპყრობა ომის დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მედიაში არაერთხელ გამოჩენილა ტყვედ ჩაბარებულ უიარაღო სამხედრო მოსამსახურეთა მკვლელობების ამსახველი ვიდეოჩანაწერები - როგორც უკრაინელების, ისე რუსებისა.
  • ყოველ ჯერზე მეომარი მხარეები ერთმანეთს სამხედრო დანაშაულში სდებდნენ ბრალს. უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ დადო პირობა, გამოიძიოს შესაძლო დანაშაულთა შემთხვევები, რომლებიც მისი არმიის სამხედროებმა ჩაიდინეს. ამ გამოძიებათა შედეგების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. რუსეთის ხელისუფლება კი კომენტარს არ აკეთებს უკრაინელ სამხედროთა მკვლელობის ამსახველ ვიდეოებზე.
XS
SM
MD
LG