Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სამხედროები ხერსონის ოკუპაციის დროს ადამიანებს უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ - HRW


რუსი სამხედროების მიერ დაცხრილული სახლი ხერსონში
რუსი სამხედროების მიერ დაცხრილული სახლი ხერსონში

რუსეთის ჯარებმა ოკუპაციის დროს უკანონოდ დააკავეს და აწამეს ქალაქ ხერსონისა და მისი შემოგარენის მცხოვრებლები, ამის შესახებ ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ანგარიშში.

უფლებადამცველების დასკვნები ეფუძნება 34 ადგილობრივის, მათ შორის ყოფილი პატიმრების, ასევე მათი ოჯახის წევრების ინტერვიუებს. მათ განაცხადეს, რომ წამებასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას ადგილი ჰქონდა წინასწარი დაკავების იზოლატორში ტეპლოენერგეტიკოსების ქუჩაზე, ასევე პერეკოპსკაიას ქუჩაზე მდებარე დაკავების ცენტრში და დროებითი მოთავსების იზოლატორებად გადაკეთებულ ქალაქის ადმინისტრაციაში, სკოლასა და აეროპორტის ანგარში.

ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმრებს ჯოხებითა და რეზინის ხელკეტებით სცემდნენ, იყენებდნენ დენს და სიკვდილით ემუქრებოდნენ. წამებამ სამ შემთხვევაში ადამიანების სიკვდილი გამოიწვია.

"იქ ხუთი ადამიანი იყო. ყველა მათგანი სცემეს. ერთი ფეხში იყო დაჭრილი, მეორეს ნეკნი ჰქონდა მოტეხილი. ჩვენ გვესმოდა ყვირილი [ნაცემი ხალხის] მთელი დღე და ღამე. ადამიანები ყვიროდნენ დილის სამ საათზე და საღამოობით. მათ სამედიცინო დახმარებას არავინ უწევდა“, - უთხრა უფლებადამცველებს ტეპლოენერგეტიკოსების ქუჩაზე მდებარე იზოლატორში ნამყოფმა ყოფილმა ტყვემ.

რუსი სამხედროები, ამ ნაამბობის მიხედვით, დაკავებულებს ამცირებდნენ, აიძულებდნენ ეყვირათ პრორუსული ლოზუნგები, მოესმინათ და ემღერათ რუსეთის ჰიმნი და პატრიოტული სიმღერები.

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი და ოლქის დანარჩენი ნაწილიც, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, 11 ნოემბერს დატოვეს და დაბანაკდნენ მარცხენა ნაპირზე.
  • ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის ოლქი რუსეთის რეგიონად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG