Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობიან მიდგომას აჩვენებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვლავ განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს მოსკოვის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში. მან თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მმართველები პასუხისმგებლობიან მიდგომას აჩვენებენ, რომელიც ემყარება საკუთარი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს და უარს აცხადებს ამ ტიპის მიდგომებზე.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს, ლავროვმა მიუთითა, რომ საქართველოში პროტესტი აქტიურად იყო მხარდაჭერილი [დასავლეთიდან] და პროტესტის მონაწილეები ყოველმხრივ ახდენდნენ იმის სტიმულირებას, რომ მორიგი ფერადი რევოლუცია მოეხდინათ.

„ამიტომ ჩვენთვის დაახლოებით გასაგებია, როგორი მეთოდებით მოქმედებს დასავლეთი“, - აღნიშნა მან.

დაახლოებით ერთი თვის წინ ილაპარაკა სამხრეთ კავკასიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ და მიანიშნა „მორიგი ფერადი რევოლუციის მომზადების" პროცესზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გადატრიალების შესაძლო მოწყობაზე ილაპარაკა 14 მარტს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო თავისი სატელიტი მოძრაობის, "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები „რუსულ კანონს" უწოდებენ.

7-9 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმები იყენებდნენ დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზსა და პილპილის აეროზოლს. მათ შორის, იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.

უპრეცედენტო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მმართველმა პარტიამ 9 მარტს გადაწყვიტა, რომ „რუსულ კანონად" წოდებული კანონპროექტი უკან გაეწვია. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო.

XS
SM
MD
LG