Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთმა აამუშავა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი


ფინეთი - Olkiluoto 3-ის (OL3) სახელით ცნობილი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის პროცესი, 2010 წელი
ფინეთი - Olkiluoto 3-ის (OL3) სახელით ცნობილი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის პროცესი, 2010 წელი

16 აპრილის ღამეს ფინეთში ექსპუატაციაში შევიდა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი Olkiluoto 3-ის (OL3). ის არის კუნძულ ოლკილუოტოზე ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკი.

რეაქტორის სიმძლავრე შეადგენს 1600 გიგავატს. ის ქვეყნის ელექტროენერგიის საჭოროების 14%-ს დაფარავს. ფინელი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ რეაქტორის ამოქმედება ფინეთში ელექტროენერგიაზე ფასს დაწევს და შეამცირებს მეზობელი ქვეყნებიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილს.

წლის განმავლობაში რეაქტორი გამოიმუშავებს 12 ტერავატ საათ ელექტროენერგიას, რაც საკმარისი იქნება, მაგალითად, 5.2 მილიონი ბინის გასათბობად.

რეაქტორის ამუშავება ასევე გააუმჯობესებს ფინეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რუსეთის მხრიდან ენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფონზე.

რეაქტორის ამუშავება სრულად დაფარავს დეფიციტს, რომელიც წარმოიქმნა რუსეთიდან ფინეთში ელექტროენერგიის იმპორტის შეჩერების შემდეგ. 2022 წლის მაისში რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ „ინტერ რაომ“ შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება ფინეთისთვის, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ფინეთმა შეაჩერა იმპორტის საფასურის გადახდა.

რეაქტორის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. თავდაპირველად მისი ამუშავება იგეგმებოდა 2009 წელს, თუმცა, ამ თარიღმა ტექნიკური სირთულეების გამო რამდენჯერმე გადაიწია.

მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული გზა ყველაზე იაფია ენერგიის გენერირებისთვის, ევროპაში ატომური ენერგეტიკის საკითხი კამათის საგნად რჩება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. 15 აპრილს გერმანიამ დახურა ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი ელექტროსადგური. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011 წელს, მას მერე, რაც იაპონიაში ფუკუშიმის კატასტროფა მოხდა. ამასთანავე, სხვა ევროპული ქვეყნები, მაგალითად, შვედეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პირიქით, ამ სფეროში ახალი ნაბიჯებისთვის ემზადებიან.

XS
SM
MD
LG