Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩიაშვილმა EU-ს ელჩს ევროკავშირთან დასაახლოებლად გადადგმულ ნაბიჯებზე ანგარიში გადასცა


ევროკავშირის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ევროკავშირის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, საქართველოს მიერ ევროპასთან დასაახლოებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ მომზადებული ანგარიში გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩი და მინისტრი ერთმანეთს დღეს, 19 აპრილს, შეხვდნენ.

"დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი... აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს", - აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უწყების თანახმად, ანგარიშთან ერთად, ევროკავშირის ელჩს გადაეცა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისადმი საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილი, "რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ, გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი მოიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას, მათ შორის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს ყველა მიმართულებით".

XS
SM
MD
LG