Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სანქციების სიაში მოხვედრილი ავტომანქანები ექვემდებარებიან მკაცრ საბაჟო კონტროლს


ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი
ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველომ მხოლოდ ახლა დაიწყო აღსრულება იმ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისა, რომლებიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში ძვირადღირებული ავტომობილების შეტანას.

როგორც შემოსავლების სამსახური განმარტავს, არანაირი ცვლილება საბაჟო რეგულაციებში არ ყოფილა და როგორც ტრანზიტი, ისე ექსპორტი და რეექსპორტი საერთაშორისო წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და G7-ის წევრ ქვეყნებთან ერთად, ჯერ კიდევ 2022 წლის 15 მარტს მიიღო სანქციების მე-4 პაკეტი, რომლითაც აიკრძალა ფუფუნების საგნების ექსპორტი აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში, მათ შორის, ძვირადღირებული მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლების შეტანა.

კერძოდ, აიკრძალა ევროკავშირიდან ავტომობილების პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ფედერაციაში გაყიდვა, გადაცემა, მიწოდება ან ექსპორტი ნებისმიერ იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის თუ ავტომობილის ღირებულება აღემატება 50 000 ევროს ან მოტოციკლეტის თუ მისი ღირებულება აღემატება 5000 ევროს, აგრეთვე აიკრძალა აშშ-დან მსუბუქი ავტომობილების რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში მიწოდება, თუ ავტომობილის ღირებულება აღემატება 50 000 აშშ დოლარს ან მოტოციკლეტის თუ მისი ღირებულება აღემატება 5000 აშშ დოლარს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური მკაცრი საბაჟო კონტროლის შესახებ მიუთითებს.

„სანქციების მე-4 პაკეტის დაწესების დღიდან - ნებისმიერი ტიპის საქონელი, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილები/მოტოციკლეტები, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს მხრიდან ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG