Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლში გადაღებული ფოტო World Press Photo-მ წლის ფოტოდ აღიარა


ფოტო, რომელიც World Press Photo-მ 2022 წლის ფოტოდ აღიარა
ფოტო, რომელიც World Press Photo-მ 2022 წლის ფოტოდ აღიარა

უკრაინელი ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა World Press Photo-ს 2022 წლის ჯილდოს მფლობელი გახდა. 2022 წლის მარტში რუსეთის ჯარების ალყაში მოქცეულ მარიუპოლში გადაღებული მისი ფოტო წლის ფოტოდ აღიარეს. ჟიურის ინფორმაციით, ფოტოს ავტორმა ერთ კადრში მოახერხა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული ადამიანების ტანჯვის აღბეჭდვა.

Associated Press-ის ფოტოჟურნალისტი ევგენი მალოლეტკა იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ჟურნალისტიდან, რომლებიც გასული წლის მარტში მუშაობდნენ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში. ფოტო, რომელიც World Press Photo-ს ჟიურიმ გამოარჩია, მან 9 მარტს რუსეთის ჯარების მიერ საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ, მალევე გადაიღო. მასზე გამოსახულია დაჭრილი ფეხმძიმე ქალი, რომელიც საკაცით გაჰყავთ დაბომბვის ადგილიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი მოგვიანებით გარდაიცვალა და ვერც ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

რუსი სამხედროები და ხელისუფლება მარიუპოლის დაბომბვაზე ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს აკეთებდნენ. ისინი თავდაპირველად უარყოფდნენ ამ ფაქტს, მოგვიანებით კი აცხადებდნენ, რომ საავადმყოფოს უკრაინულმა ძალებმა დაუშინეს ცეცხლი, პროვოკაციის მიზნით. შემდეგ კი, როდესაც რუსული კვალი გამოიკვეთა, განაცხადეს, რომ საავადმყოფოში, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები იმალებოდნენ.

ნომინაციაში "წლის საუკეთესო ფოტოამბავი", ავღანეთში გადაღებული სურათების სერიით, კონკურსის გამარჯვებული დანიელი ფოტოგრაფი მარდ ნისანი გახდა.

World Press Photo ფოტოჟურნალისტიკის სფეროში ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო ჯილდოდ ითვლება.

XS
SM
MD
LG