Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს


 ლექსო ვალიაური, "რესპუბლიკური პარტიის" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე
ლექსო ვალიაური, "რესპუბლიკური პარტიის" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე

"რესპუბლიკური პარტიის" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლექსო ვალიაური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ სადგურის დასახლებაში მოხდა. ღამის საათებში სახლთან ახლოს ის სამმა პოლიციელმა უმიზეზოდ გააჩერა და ფოტოს გადაღება დაუპირა.

ვალიაური ჰყვება, რომ გვიან ღამით, როდესაც სახლისკენ მარტო მიდიოდა, სახლამდე დაახლოებით 50 მეტრში პოლიციელებმა გააჩერეს. ჯერ პირადობის მოწმობა მოსთხოვეს და უთხრეს, რომ მისთვის ფოტო უნდა გადაეღოთ. როგორც ვალიაური ამბობს, პიროვნების გადამოწმება პირადი ნომრით შესთავაზა, გარდა ამისა, უთხრა, რომ სახლში შევიდოდა და პირადობის მოწმობასაც გამოუტანდა. მაგრამ ფოტოს გადაღებაზე უარი უთხრა, რა დროსაც, ვალიაურის თქმით, მის მიმართ "აგრესია წამოვიდა".

"მოითხოვეს ფოტოს გადაღება. სრულიად იდენტიფიცირებული პირი ვარ მათთვის. ვუთხარი ჩემი პიროვნების შესახებ, მივუთითე საცხოვრებელი სახლი. პირადი ნომერი. მათ მაინც გამოხატეს აგრესია, დამამცირებელი მოპყრობა. გავაპროტესტე ასეთი უკანონო ქმედება. ბოლოს ავწიე ხელები და ვუთხარი, ასე გადამიღეთ, როგორც პატიმარს-მეთქი'', - ამბობს ლექსო ვალიაური,

ამის შემდეგ, ვალიაურის თქმით, პოლიციელებმა ძალის გამოყენებით "მანქანაში ჩატენეს" და იქ გააგრძელეს მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

"ეს იყო, პირველ რიგში, თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ის, რაც ხდებოდა მათ მანქანაში, ეს კიდევ ცალკე ამაზრზენი სიტუაციაა - მირტყამდნენ და მაგინებდნენ. მოვითხოვე მათი სახელებისა და გვარების დასახლება. ერთ-ერთმა თქვა, რომ თემურ ტაბატაძეა. ასე უკანონო პატიმარი ქალაქის ქუჩებში მატარეს, შემდეგ კი ხიდთან ჩამომსვეს. ამას არ ჰქვია მანქანიდან გადმოსვლა, ამას ჰქვია გადმოგდება, ეს არის არაადამიანური მოპყრობა'', - ამბობს ლექსო ვალიაური.

პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მასზე ძალადობა ხელისუფლებისადმი კრიტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს - ის აქტიურად მონაწილეობს მთავრობის საწინააღმდეგო პოლიტიკურ აქციებში.

თეიმურაზ ტაბატაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. ის პოლიციის შენობაში დღეს, 21 აპრილს, არ გამოჩენილა. ვალიაურმა მედიისთვის განცხადება სწორედ პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან გააკეთა, მან მასზე ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დასჯა მოითხოვა.

ლექსო ვალიაურმა მომხდართან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას მიმართა. ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური უკვე იძიებს. გამომძიებელმა "რესპუბლიკური პარტიის" წევრი უკვე გამოჰკითხა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრს სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმაც.

XS
SM
MD
LG