Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ Bellingcat-ის თანამშრომლის დაუსწრებლად დაპატიმრების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, გროზევი "უცხოეთის აგენტად" შერაცხეს


ჟურნალისტი ხრისტო გროზევი
ჟურნალისტი ხრისტო გროზევი

მოსკოვის ლეფერტოვოს რაიონულ სასამართლოში შევიდა საჩივარი Bellingcat-ის გამომძიებლის, ხრისტო გროზევის დაუსწრებლად დაპატიმრების შესახებ.

მოსკოვის სასამართლოების საიტზე წერია, რომ გამოძიების მოთხოვნა რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო გროზევის დაპატიმრების შესახებ, დაკმაყოფილებულია.

21 აპრილს გავრცელდა ასევე ცნობა, რომ გროზევი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა.

შარშან დეკემბერში გროზევზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა. მაშინ არ დაუზუსტებიათ, რატომ ეძებდნენ ჟურნალისტ-გამომძიებელს. შემდგომ რუსეთის საიდუმლო სამსახურმა მას უკრაინის დაზვერვისთვის დახმარებაში დასდო ბრალი. ახლა რატომ ედება ბრალი საზღვრის გადაკვეთაში, არ არის გარკვეული. ადრე რადიო თავისუფლებასთან საუბარში გროზევმა უარყო, რომ მონაწილეობდა სპეცსამსახურების ოპერაციებში.

ხრისტო გროზევი ბულგარეთშია დაბადებული და Bellingcat-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს.

მუქარის გამო იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ავსტრია, სადაც დიდხანს ცხოვრობდა და აშშ-ში გადასულიყო.

Bellingcat-ი, რომელიც, როგორც თვითონ ამტკიცებს, მხოლოდ კანონიერ წყაროებს იყენებს, აქვეყნებს საგამოძიებო მასალებს პოლიტიკოსების, ფინანსისტებისა და სპეცსამსახურების შესახებ. Bellingcat-ის გამოძიებათა შორისაა დონბასში მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებები.

XS
SM
MD
LG