2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონება, - გასაყიდი ფასი, - წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10.7%-ით გაძვირდა, - იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
საქსტატის 24 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში (უძრავი ქონების ფასების ინდექსი) აჩვენებს, რომ ყველაზე ძვირადღირებული უბანი 2023 წელსაც მთაწმინდაა. მეორე ადგილზეა ვაკე.
ახალი ბინების ბაზარი
მთაწმინდაზე ახალაშენებულ (დასრულებული) ბინაში ერთი კვადრატული მეტრის მედიანური ფასი 4919 ლარია ($1960), ვაკეში კი - 4201 ლარი ($1674). ლარში მითითებული მონაცემები დოლარში გადაყვანილია 24 აპრილს ეროვნული ბანკის მოქმედი გაცვლითი კურსით - 1$=₾2.51.
უბნების მიხედვით სრული სურათი ასეთია:
საქსტატის მონაცემები ეფუძნება უძრავი ქონების გაყიდვის პორტალებზე, myhome.ge-სა და ss.ge-ზე, მითითებულ ინფორმაციას.
ამ მონაცემების თანახმად, 50 კვადრატული მეტრის ფართობის ახალაშენებული ბინის ფასი მთაწმინდაზე დაახლოებით 246 000 ლარია ($98 000), ვაკეში კი - 210 050 ლარი ($83 600).
დანარჩენ უბნებში იმავე ზომის ბინების ფასები ასე იყო განაწილებული:
თუკი ერთწლიან პერსპექტივაში ფასების ზრდამ 10.7% შეადგინა, წინა, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, ფასი მხოლოდ 2.4%-ით არის გაზრდილი. ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.
თეთრი კარკასი/შავი კარკასი
საქსტატს აღწერილი აქვს ფასებს შორის განსხვავებები ბინების მშენებლობის სტადიების მიხედვით. შავი კარკასი საშუალოდ 2474 ლარი ღირს, თეთრი კარკასი - 2821 ლარი, ხოლო მწვანე კარკასი - 3284.
მომდევნო დიაგრამა აჩვენებს, რომ ფასები პანდემიის პირველ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, - 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, 25.1%-ით:
რაც უფრო ადრეულ ეტაპზეა ბინა, მით მეტია მფლობელის ხარჯი რემონტის ბოლოში გასაყვანად:
- შავი კარკასი მოიცავს ახალაშენებულ ბინაში შესასვლელ კარს, კარ-ფანჯარას და ბინამდე მიყვანილ კომუნიკაციებს;
- თეთრ კარკასს ემატება ოთახების გატიხვრა, კედლების შელესვა, იატაკის მოჭიმვა და კომუნიკაციების შეყვანა - ისე, რომ ბინა სარემონტოდ მზად იყოს;
- „მწვანე კარკასი“ შედარებით ბუნდოვანი ტერმინია და სხვადასხვა კომპანია სხვადასხვანაირად განსაზღვრავს. იგი ერთი-ორი ნაბიჯით წინ სწევს „თეთრ კარკასს“.
ახალი სახლების ფასი
პარალელურად, საქსტატი იუწყება, რომ წინა კვარტალთან შედარებით, ფასები 3.5%-ით შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში. ერთწლიან პერსპექტივაში კი, - ესე იგი, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, - კერძო სახლების ფასი მაინც მომატებულია - 11.6%-ით.
საქსტატის ცნობითვე, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ამ დროისთვის კერძო სახლების ფასი 27.2%-ით არის მომატებული.
საქსტატის მონაცემები არ ასახავს ბინის ქირას, რომელიც ბოლო 2-3 წელიწადში მნიშვნელოვნად არის გაძვირებული.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ფასების მატების ტენდენცია შენარჩუნდება და, შესაძლებელია, იგი არც მაშინ შეიცვალოს, როდესაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოს დატოვებენ.