ევროკავშირმა, აშშ-მა და ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები გაუმკაცრეს ირანს. სანქციათა მთავარი სამიზნეა სამხედრო ძალა, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC).
ევროკავშირის საბჭომ 24 აპრილს გამოაცხადა, რომ სანქციები უწესდება რვა პირს, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებული IRGC-სთან და მის ფინანსურ განშტოებასთან, ტელეკომუნიკაციების კომპანია Ariantel-თან, რომელიც, საბჭოს თქმით, მთავარ როლს ასრულებს მთავრობის ძალისხმევაში ირანში პროტესტისა და კრიტიკული ხმების ჩასახშობად.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ახალი სანქციები უწესდება IRGC-ის ოთხ წევრს, ბრიტანეთმა კი თქვა, რომ მოგზაურობაზე შეზღუდვას უწესებს და ქონებას უყინავს IRGC-ის ოთხ წევრს და "მთლიანად IRGC-ს".
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის თქმით, ეს ზომა ხორციელდება აშშ-სთან და ევროკავშირთან კოორდინაციით, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმა.
აქტივისტები ევროკავშირს და ბრიტანეთს მოუწოდებენ, IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარონ, თუმცა ეს ნაბიჯი ჯერჯერობით გადადგმული არ არის. სანქციები დაუწესდა ამ ელიტურ სამხედრო ჯგუფთან დაკავშირებულ ათობით პირს.
ევროპის პარლამენტი - რომელმაც ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს იანვარში მოუწოდა IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ - ამ სამხედრო ძალას ადანაშაულებს დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებში და რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში, უკრაინის ომში გამოსაყენებლად.