მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციის მონაწილეებმა. მათ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინ ტრანსპარანტები გაშალეს და სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ერთი ზოლი დაიკავეს.
„წამალი ბავშვებს!" „სოლიდარობა ბავშვებს!" „ჯანმრთელი მომავალი ბავშვებს!" - ამ შეძახილებით დემონსტრანტები თავისუფლების მოედნის გავლით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობით გაემართნენ.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, 26 აპრილს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან დანიშნულ აქციაზე მივიდნენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ პრეპარატ „ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას. მათი განცხადებით, ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ისევ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ "ქვეყანა, სადაც ეს წამალი გამოიგონეს, თავად არ აფინანსებს".
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანის პროცედურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა.