Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ უმანზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას


რუსული რაკეტით დანგრეული სახლი ქალაქ უმანში. 2023 წლის 28 აპრილი
რუსული რაკეტით დანგრეული სახლი ქალაქ უმანში. 2023 წლის 28 აპრილი

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა უკრაინის ჩერკასკის ოლქის ქალაქ უმანზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთი რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, მეორე კი - საწყობების შენობას.

მსხვერპლია ქალაქ დნიპროშიც. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ დაანგრია ერთ-ერთი საწარმო და კერძო სახლი. დაიღუპნენ 31 წლის ქალი და 2 წლის ბავშვი. დაჭრილია 3 ადამიანი.

რუსეთის სარაკეტო დარტყმის ადგილი ქალაქ დნიპროში
რუსეთის სარაკეტო დარტყმის ადგილი ქალაქ დნიპროში

რუსეთის თავდასხმის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ლუგანსკის ოლქის და ყირიმის გარდა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

აფეთქებები იყო კიევსა და მის შემოგარენში და პოლტავის და ნიკოლაევის ოლქებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 11 რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დედაქალაქიდან სამხრეთით მდებარე ქალაქ უკრაინკაში რუსული რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ სახლს. დაშავდა 13 წლის გოგო.

უკრაინაში გამოცხადებული საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 06:20 საათზე შეწყდა.

XS
SM
MD
LG