Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი მხარს უჭერს “როსატომის“ პროექტს უნგრეთში - Le Monde


ატომური ელექტროსადგური "პაკშ-2" უნგრეთში
ატომური ელექტროსადგური "პაკშ-2" უნგრეთში

საფრანგეთი მხარს უჭერს ატომური ელექტროსადგურის, "პაკშ-2-ის" პროექტს უნგრეთში, რომლის მშენებლობასაც რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ახორციელებს იმ პირობით, რომ ბუდაპეშტი მკაცრად დაიცავს "საერთაშორისო სანქციების ევროპულ ჩარჩოს". ამის შესახებ იუწყება გაზეთი Le Monde, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის გარემოცვაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით.

ამ წყაროს ცნობით, საფრანგეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს "პაკშ-2-ის" პროექტში, კერძოდ, ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობაში. ამავე დროს, ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ამ დროისთვის ბირთვული ინდუსტრია არ ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ ფრანგულმა კომპანია Framatome-მა შეიძლება გააფართოოს მონაწილეობა ატომურ ელექტროსადგურ "პაკშ-2-ის" მშენებლობაში, რათა თავიდან აიცილოს ამ პროექტის შეფერხება, თუ მას დატოვებს გერმანული კომპანია Siemens Energy. აეს-ის პროექტში Siemens Energy-ს მონაწილეობა დაბლოკილია გერმანიის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკური საკითხებისა და კლიმატის დაცვის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის, მიერ. საფრანგეთის მთავრობამ Framatome-ს ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის მიწოდების ნებართვა მისცა. ამავე დროს, ფრანგული კომპანია უარს ამბობს ამ საკითხის შესახებ კომენტარზე, აღნიშნავს Le Monde.

მიმდინარე წლის აპრილში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო შეხვდა რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი ლიხაჩოვს და მოლაპარაკებები გამართა უნგრეთში ატომური ელექტროსადგურის, „პაკშ-2-ის", მშენებლობის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანონ, რათა პროექტთან დაკავშირებულ პროცესებზე არ გავრცელდეს დასავლეთის სანქციები.

უნგრეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჯერაც აქვთ კონტრაქტები მოსკოვთან და მის მოკავშირეებთან, მათ შორის - ბელარუსთან.

XS
SM
MD
LG