მარტვილის მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა.
უწყების ცნობით, კარანტინი ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, ცხოველებს ვაქცინაცია ჩაუტარდებათ 2-3 კილომეტრის რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა). გარდა ამისა, განკარგულებით გათვალისწინებულია, რომ საჭიროა აცრილი ცხოველის იზოლირება აცრიდან 60 დღის განმავლობაში.
კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. ასევე დეზინფექციას ჩაუტარებენ ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებსა და დადორბლილ საგნებს.
განკარგულების შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც დაკბენილები ან დადორბლილები იყვნენ, ანტირაბიულ კონტროლზე აიყვანეს.
კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ.
მანამდე სამეგრელო-ზემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ანზორ ქობალიამ რადიო თავსიუფელბასთან საუბარში თქვა, რომ მარტვილში ძაღლის მიერ დაკბენილი 22-დან 20-მა ადამიანმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა.
მისივე ცნობით, დაკბენილებიდან ერთმა თავისივე სურვილით ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გაკეთების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აუცრელობის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ანზორ ქობალიას ცნობითვე, კიდევ ერთი მოქალაქის მოძიება ჯერ ვერ მოხერხდა.
მარტვილში მიუსაფარმა ძაღლმა 24 აპრილს დაკბინა რამდენიმე ადამიანი ქუჩაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით, გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას დაუდასტურდა ცოფით დაავადება.
„სააგენტოს ვეტერინარები დღეიდან უკვე ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). ცოფით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი ცხოველის მიერ კბენის, გაკაწრის ან რაიმე სახის კონტაქტის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ-რაბიოლოგს. ცოფის პრევენცია შესაძლებელია დროული ვაქცინაციით. ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100% შემთხვევაში იწვევს სიკვდილს.