Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია დათანხმდა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვას


ხორბლის ტერმინალი ოდესის ოლქში. 23 ივნისი, 2022.
ხორბლის ტერმინალი ოდესის ოლქში. 23 ივნისი, 2022.

ევროკომისიამ ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებას უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვის შესახებ. ეს ეხება უკრაინის მოსაზღვრე ოთხ ქვეყანას: პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს, ასევე ბულგარეთს. მანამდე ამ ქვეყნებმა ცალმხრივად დააწესეს ემბარგო უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, ვალდის დომბროვსკის განცხადებით, ევროკავშირი გადაუდებელ ზომებს მიიღებს საწყობებში დაგროვილი უკრაინული მარცვლეულის ამ ქვეყნებიდან გასატანად. უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირას შემდგომი იმპორტი მკაცრად შეიზღუდება. ევროკავშირი ასევე გამოყოფს დაახლოებით 100 მილიონ ევროს ამ ქვეყნების საკუთარი სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად. ისინი ვალდებულნი იქნებიან, გააუქმონ ცალმხრივი სანქციები და იმოქმედონ ერთმანეთთან და ევროკომისიასთან შეთანხმებულად.

ამავდროულად, უკრაინა შეინარჩუნებს თავისი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანზიტს ევროპის გავლით აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა მოიწონა შეთანხმება. „უკრაინაც შეინარჩუნებს ექსპორტის საკუთარ შესაძლებლობებს და გააგრძელებს მსოფლიოს გამოკვებას, არც ჩვენი ფერმერები დაზარალდებიან“, განაცხადა მან.

2022 წლის მაისში ევროკავშირმა ერთი წლით გააუქმა გადასახადები და კვოტები უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე, როგორც ღონისძიება მეომარი ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად. მარცვლეულის გარდა, გადასახადები და კვოტები ასევე გაუქმდა უკრაინის სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე, მათ შორის ზეთოვან კულტურებზე, შაქარზე, ფრინველის ხორცსა და კვერცხზე.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი ნაწილი პოლონეთისა და სხვა სასაზღვრო ქვეყნების გავლით გაეგზავნებოდა შემდგომ მომხმარებლებს, მათ შორის აზიასა და აფრიკაში. თუმცა, რეალურად პოლონეთში, ისევე როგორც უნგრეთსა და რუმინეთში, უკრაინული პროდუქციის დიდი რაოდენობა შეჩერდა და კონკურენციას უწევდა ადგილობრივ მწარმოებლებს.

ამან უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია. იაფფასიანი უკრაინული პროდუქციის შემოდინებამ გადასახადების არარსებობის გამო გამოიწვია ის, რომ მათ საკუთარ პროდუქტებს შეუმცირდა კონკურენტუნარიანობა. მათ არ შეუძლიათ პროდუქციის ფასის დაწევა და მათი წარმოება წამგებიანი ხდება. პოლონეთში ფერმერების საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰენრიკ კოვალჩიკი თანამდებობიდან გადადგა.

აპრილის შუა რიცხვებში პოლონეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული პროდუქციის იმპორტის დროებითი აკრძალვა შემოიღეს, მსგავსი ზომები განიხილა რუმინეთმაც.

XS
SM
MD
LG