Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი უკრაინაში მასირებული თავდასხმისას დამიზნების არაეფექტურ მეთოდს მიმართავს


მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში ქალაქ უმანში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად
მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში ქალაქ უმანში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაზე გამთენიისას განხორციელებულ მასირებულ თავდასხმას ეძღვნება.

ეს უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმის პირველი სერიაა მარტის შემდეგ, და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა რაკეტების დიდი ნაწილი მოიგერია, დაიღუპა სულ ცოტა 25 მშვიდობიანი მოქალაქე, წერენ ანგარიშის ავტორები.

ამჯერად, ზამთრის მასირებულ დარტყმებთან შედარებით ნაკლები რაკეტა გაისროლეს და ნაკლებსავარაუდოა, შეტევა გამიზნული ყოფილიყო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, მიიჩნევს ბრიტანული დაზვერვა.

ანგარიშის ავტორები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რუსეთი ცდილობს იერიში მიიტანოს უკრაინის არმიის სარეზერვო შენაერთებსა და მოკავშირეებისგან ახლახან მიღებული შეიარაღების საწყობებზე.

რაც შეეხება მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი რაოდენობით მსხვერპლს, რუსეთი დამიზნების არაეფექტურ მეთოდს მიმართავს, პრიორიტეტს ანიჭებს სავარაუდო სამხედრო საჭიროებას თანმდევი ზიანის გაუთვალისწინებლად, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის ჩათვლით, აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

28 აპრილის დილას, რუსეთმა ახალი დარტყმა განახორციელა უკრაინაზე, სტრატეგიული თვითმფრინავებიდან 23 ფრთოსანი რაკეტა გაისროლა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 21 რაკეტა გაანადგურა, 2 რაკეტა ქალაქ უმანში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

დნეპრში, რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა ქალი და 3 წლის ბავშვი. კიევის რეგიონის ქალაქ უკრაინკაში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსზე რუსული რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა და დაზიანდა რამდენიმე ბინა.

თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების გამკაცრება მოითხოვა.

XS
SM
MD
LG