Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელს ცეცხლი გაუხსნეს - ორი ადამიანი დაიღუპა


30 აპრილის ღამით სროლის შედეგად დაზარალდა რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკა. დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავდა ასევე - ორი. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ნათქვამზე დაყრდნობით. ბოგომაზი აზუსტებს, რომ ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა, ორი - დაზიანდა. სროლაში მან „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა.

გამოცემა "ბაზა" იტყობინება, რომ ღამის განმავლობაში ბრიანსკის ოლქისთვის ცეცხლის დაშენა გრძელდებოდა. სამი საათისთვის სუზემკაში კიდევ სამი ჭურვი ჩამოვარდა. ერთი კერძო სახლს მოხვდა, მაგრამ არ აფეთქდა, ხოლო ნახევარ საათში სოფელს დაეცა კიდე ორი ჭურვი.

სუზემკა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ათ კილომეტრშია. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის საზღვრისპირა არეალებს, ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებს, რეგულარულად უშენენ საარტილერიო ცეცხლს. რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს, უკრაინის მხარე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG