Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: "რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო", ნატოში ინტეგრაციისთვის მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალების დღეზე სიტყვით გამოსვლისას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალების დღეზე სიტყვით გამოსვლისას

საქართველოს პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აუცილებელია აქტიურობა ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით; პარტნიორებმა უნდა გაიაზრონ, რომ დღეს უკვე აღარ არის ყოყმანის დრო, „რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო" და „რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე“.

„ამ დაუნდობელმა აგრესიამ [უკრაინაში] რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა. მსოფლიოში და მით უმეტეს ევროპულ კონტინენტზე გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის განმტკიცება მოჰყვა - შვედეთისა და ფინეთის გაცხადებული კანდიდატურები სწორედ ამას ამტკიცებს.

ჩვენთვისაც ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ ივლისში დაგეგმილი ნატოს ვილნიუსის სამიტი „ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება“.

პრეზიდენტის სიტყვებით, "უცხო შემოჭრილი ძალა [რუსეთი] ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას [უკრაინას] ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს" და "ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები".

"ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას", - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან დასაფასებელია წლების მანძილზე პარტნიორების მიერ გაწეული უდიდესი დახმარება და ქართველმა სამხედროებმა დიდი გამოცდილება მიიღეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

„მათი [საერთაშორისო პარტნიორების] ძალისხმევით, სწავლებებით და თანამედროვე აღჭურვილობით ამაღლდა ჩვენი ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციის და განვითარების გზაზე. სწორედ იქ შევძელით, რომ მაგალითი მიგვეცა საქართველოს ჯარის მზადყოფნის, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ. ქართველებს კარგად გვესმის, რომ პარტნიორობა ორმხრივი გზაა და თქვენ ესეც დაამტკიცეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

„თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს! თქვენ ემსახურებით საქართველოს და ამაზე დიდი, საპატიო და საამაყო სამსახური არ არსებობს“, - მიმართა სამხედროებს უმაღლესმა მთავარსარდალმა და მათ მადლობა გადაუხადა საზოგადოების სახელითაც.

XS
SM
MD
LG