Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა აშშ-ს, ნატოს ქვეყნებს ქართული ჯარის გაძლიერებისთვის


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის აშშ-სა და ნატოს წევრ ქვეყნებს საქართველოს ჯარის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო იაზრებს ქართული ჯარის გაძლიერების აუცილებლობას.

თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს მთავრობას, ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება ევალებათ.

„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში. რუსეთის აგრესია უკრაინაში; ომი, რომელიც არ ჩერდება. ისედაც რთულად პროგნოზირებად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში, ჩვენს მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს.

ამავდროულად, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის...

დღევანდელ დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას და იქვე აღნიშნა, რომ „გრძელვადიანი გეგმით“, ხელისუფლება აგრძელებს „თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებასა“ და “თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს“.

პრემიერ-მინისტრი ულოცავს და მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ, ყოფილ თუ მოქმედ წარმომადგენელს.

„დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ყველას. მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ, თავდადებულ და გმირ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანთან ერთად მამაცურად იბრძოდა და კვლავაც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის.

მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს.

დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული გმირი მებრძოლის ხსოვნის წინაშე. ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომელთა ბრძოლასა და თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათმა ბრძოლამ გააძლიერა ქართული იდენტობა, ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებები და შექმნა საფუძველი ჩვენი მთავარი მიზნის ასასრულებლად, რაც ნიშნავს ერთიან, ძლიერ საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ქართული ჯარის შესაძლებლობების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით".

„გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს, ქართული ჯარის დაარსებიდან 32 წელს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას პირველივე დღიდან სამაგალითოდ იცავდნენ, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. დღესაც თითოეული თქვენგანი ღირსეულად მხედრულ ტრადიციებს და ქვეყნის წინაშე პროფესიულ სამსახურს აგრძელებთ", - მიმართავს მინისტრი სამხედროებს.

XS
SM
MD
LG