Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის ოლქის დაბომბვას მინიმუმ სამი ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული ახალი დაბომბვის შედეგად სამხრეთ უკრაინაში მდებარე ხერსონის ოლქში, განაცხადა რეგიონულმა ხელისუფლებამ 2 მაისს. მოსკოვმა გააძლიერა სამხრეთ უკრაინის დაბომბვა აღმოსავლეთში ბახმუტის კონტროლისთვის გაჭიანურებული ბრძოლის ფონზე.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ 2 მაისის თავდასხმამდე 24 საათის განმავლობაში რეგიონი 71-ჯერ იქცა რუსეთის არმიის სამიზნედ.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო იტყობინება, რომ რუსეთმა ღამით სარაკეტო შეტევა განახორციელა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ კრამატორსკზე, რის შედეგადაც მინიმუმ ერთი ადამიანი დაიჭრა, დაზიანდა სკოლა.

ამავე დროს რუსეთის სამხრეთის საბრძოლო დაჯგუფების სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კრამატორსკის სარკინიგზო სადგურს Tornado-ს ტიპის მრავალრაკეტიანი გამშვები დანადგარიდან ესროლეს რაკეტები. მოსკოვის მტკიცებით, განადგურებულია საბრძოლო მასალით სავსე ვაგონი. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება ვერ მოხერხდა.

შარშან აპრილში კრამატორსკის რკინიგზის მთავარ სადგურზე რუსეთის იერიშის შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა.

დონეცკში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 41 იერიში მოიგერიეს ბოლო 24 საათის განმავლობაში, მათი უმეტესობა კონცენტრირებული იყო ბახმუტ-ავდეევკა-მარიინკის მიმართულებაზე, ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2 მაისის ანგარიშში. ამავე ცნობის თანახმად, რუსეთმა რეგიონში რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელა.

XS
SM
MD
LG