Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: მოქალაქეთა ნახევარი მიიჩნევს, რომ არც „ქართული ოცნება“, არც ოპოზიცია არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე


ხალხი თბილისის ქუჩაში
ხალხი თბილისის ქუჩაში

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) 2023 წლის მარტში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგების თანახმად, საზოგადოების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამბობს იმავეს წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.

გამოკითხულთა 47% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, 37% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერებით მოქმედებს. 61% კი მიიჩნევს, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

შარშანდელთან შედარებით შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, იგივე მონაცემი შემცირებულია ოპოზიციის შემთხვევაშიც.

ყოველი მეხუთე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

მოსახლეობის მხოლოდ 24% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს.

NDI-ს გამოკითხვის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% ფიქრობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. NDI-ს თანახმად, განსაკუთრებული სკეპტიციზმით გამოირჩევა 18-34 წლის მოსახლეობა.

NDI-ს ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

XS
SM
MD
LG