Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება


უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა 8 მაისს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ რეფერენდუმის შედეგებს მიეძღვნა. ამ რეფერენდუმზე მიღებული შედეგებით, კონსტიტუციის ახალ ვერსიაში საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა, რაც შესაძლებელს ხდის შავკატ მირზიოევის ხელისუფლებაში ხანგრძლივი ვადით დარჩენას.

ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებით, შავკატ მირზიოევი უარს ამბობს საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ სამწელიწად-ნახევარზე, რაც უზბეკეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგით ახსნა.

„თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ჩვენი ძირითადი კანონის თანახმად, პირველ რიგში, ხელისუფლების ყველა შტო დეფორმირდება, მათ შორის ურთიერთობები და ბალანსი სერიოზულად იცვლება. მეორეც, განახლებული კონსტიტუცია პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, მინისტრებსა და ჰოკიმებს (რაიონების გამგებლებს) გადაუდებელ ახალ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ამოცანებს აკისრებს. მესამე, ჩვენი ხალხი ჩვენგან ელოდება უაღრესად მნიშვნელოვან და შესაბამის ცვლილებებსა და რეფორმებს ყველა სფეროში. მეოთხე, არსებულ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში და რეგიონში მწვავე და რთული პროცესები მიმდინარეობს, ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია სწორი და ეფექტური განვითარების გზის ძიება და განხორციელება", - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა.

30 აპრილს უზბეკეთში გამართულ რეფერენდუმზე საკონსტიტუციო შესწორებას მხარი დაუჭირა ამომრჩევლის 90,2 პროცენტმა.


უზბეკეთის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, რეფერენდუმზე ამომრჩევლები მიემხრნენ საკონსტიტუციო შესწორებას, რომლითაც პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი პოსტზე დარჩენას 2040 წლამდე შეძლებს.

მირზიოევი უზბეკეთის ლიდერის პოსტზე 2016 წლიდან იმყოფება. ამ თანამდებობაზე მან ვეტერანი ლიდერი, ავტოკრატი ისლამ კარიმოვი შეცვალა.

XS
SM
MD
LG