Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას 1,2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს - AP


ამერიკული UH-60 Black Hawk-ის ტიპის შვეულმფრენები უკრაინის სადაზვერვო თავდაცვის მანევრებზე. აპრილი, 2023 წელი
ამერიკული UH-60 Black Hawk-ის ტიპის შვეულმფრენები უკრაინის სადაზვერვო თავდაცვის მანევრებზე. აპრილი, 2023 წელი

აშშ-ის ხელისუფლება სამშაბათს, 9 მაისს, უკრაინას 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს შესთავაზებს, - ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, AP-ის თანახმად, მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk-ს, საზენიტო საბრძოლო მასალას და უპილოტო თვითმფრინავებს საჰაერო თავდაცვისთვის. გარდა ამისა, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის საარტილერიო სისტემებს, რაკეტებს და სხვა იარაღს, ასევე დააფინანსებს მათი ექსპლუატაციისა და სხვადასხვა იარაღის სათადარიგო ნაწილების ხარჯებს.

ამ პაკეტიდან თანხების ნაწილი გამიზნულია უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო საჭიროებების უზრუნველყოფისთვის, ის სისტემატურად დაიხარჯება მომდევნო თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში.

აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების წინა პაკეტი ბოლოს 3 მაისს გამოუყო. სხვასთან ერთად, მასში შედიოდა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ HIMARS-ის საბრძოლო მასალა და Hydra-70 კლასის მოკლე რადიუსზე მოქმედების უმართავი „ჰაერი-მიწის“ კლასის რაკეტები.

ახალი პაკეტის გამოყოფის გათვალისწინებით, აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის 37 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG