Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა პუტინის ბრძანებულებებზე საქართველოს შესახებ


რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. 13 მარტი, 2018.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. 13 მარტი, 2018.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 10 მაისს გამოცემულ ბრძანებულებებზე, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

ზახაროვამ თქვა, რომ ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებაზე დეტალურ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო გაავრცელებს.

ამ მომენტისთვის რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსული ავიაკომპანიები რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღსადგენად ემზადებიან.

"რუსული ავიახაზები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ სამამულო წარმოების თვითმფრინავებით", - განაცხადა ტრანსპორტის სამინისტრომ.

მარია ზახაროვას თქმით, ამასთან, გაუქმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 21 ივნისის რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტებები გააკეთა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ბრძანებულებაზე, რომელიც 2023 წლის 15 მაისს შედის ძალაში.

„ამ დღიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ საერთაშორისო სამგზავრო მოძრაობისთვის ღია სასაზღვრო გამშვები პუნქტებით უვიზო რეჟიმით, ყოველ 180 დღეში 90 დღემდე - დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული, ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ასევე მოკლევადიანი ტრენინგებისთვის. ამავე დროს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აპირებენ 90 დღეზე მეტი ვადით სწავლას რუსულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, განახორციელონ შრომითი საქმიანობა, დროებით ან მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, ვალდებულნი არიან ვიზებით შევიდნენ რუსეთის ფედერაციაში და დატოვონ იგი“.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების განახლებისა და უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის შეესაბამება ჩვენს პრინციპულ მიდგომას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის“, - დასძინა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.

2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.

2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.

XS
SM
MD
LG