პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, დამტკიცების შემთხვევაში ვეტო დაადოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტს ერთხელ მაინც წარედგინა ღირსეული კანდიდატი:
„კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ამდენი ხნის მანძილზე კარგად გამოეყენებინა საკუთარი უფლებამოსილება, სუსის აგენტურით არ გაებერა შესარჩევი კომისია და ერთხელ მაინც წარმოედგინა ცესკოს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა საზოგადოების ნდობა. სამწუხაროდ, ეს მან არ გააკეთა. ეს ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, ვფიქრობ, საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული. ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შერჩევისთვის არსებობს პრეზიდენტთან კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს კანდიდატებს. ამ კომისიის წევრებთან დაკავშირებით იყო საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ხალხს არც ობიექტურობასთან, არც არჩევნებთან არაფერი შეხება არ აქვთ. ვითომდა სამეცნიერო წრეები - მგონი, ერთი სამეცნიერო სტატიაც არ აქვს იმ ხალხს გამოქვეყნებული", - განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. საკითხი ეხება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის წესის ცვლილებას, რისი კანონპროექტიც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს.
შემოთავაზებული ცვლილებით, მცირდება ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების სრული ვადით - 5 წლით - ასარჩევად დადგენილი კვორუმი. არსებული ⅔-ის უმრავლესობის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.
კანონპროექტით იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში. მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.