Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა": „ოცნებამ" დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებს განცხადებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მისი შეფასებით, საქართველოს მმართველმა პარტიამ კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი.

  • „საქართველოს ისტორიული არჩევანი, საქართველოს მომავალი და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 85 %-ის ნება, ევროპაში და ევროკავშირში ინტეგრაციაა;
  • დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით, ხოლო რუსეთის ნაცისტური რეჟიმი, ფაქტობრივად, მარტოა დარჩენილი;
  • დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას საკუთარი თავი და განდევნოს ოკუპანტი საკუთარი მიწიდან. ის, რომ უკრაინა დაიცავს თავს, ის რომ რუსეთი დამარცხდება, ის რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება, უკვე გარდაუვალ მოვლენებად იქცნენ. სწორედ ამისთვის იბრძვის გმირი უკრაინელი ხალხი და ამისთვის მუშაობს მთელი დასავლური სამყარო;
  • ტრაგიკული რეალობაა, რომ ამ დროს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის ევროპას და უკრაინას, პარალელურად კი კრემლის პროპაგანდისტების მუდმივ ქებას იმსახურებს. ოცნებამ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი - უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით", - ვკითხულობთ ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მუშაობს არა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ტურისტულად, კულტურულად თუ სატრანსპორტო თვალსაზრისით, საქართველო მოექცეს რუსულ სივრცეში. ოპოზიციური პარტიის განცხადებით, „ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, აუცილებლად გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემისა და ჩაძირული ქვეყნის მიმართულებით".

რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

დღეიდან, 10 მაისიდან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც - 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, მან ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგი გამართა.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG