დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით 14 მაისს ჩამოვა. დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიის ბიზნესდელეგაცია, გაიმართება მინისტრის და ბიზნესდელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.
ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.