Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - "მე უფრო ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი"


მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას, არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამბობს, რომ თავად სხვა გადაწყვეტილებას ელოდა.

„მე ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა, სხვა გადაწყვეტილებას ველოდი, ყველაფრის გათვალისწინებით და ,პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუს და ევროპარლამენტარების განცხადებები მიუთითებდა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაეყვანათ. ამ ეტაპზე არაფერს ანგარიში არ გაეწია. ეს სტრასბურგი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, ვნახოთ, ახლა როგორ განვითარდება მოვლენები“.

გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან კომენტარში ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო დარწმუნებული, რომ სტრასბურგის სასამართლო დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„ის დარწმუნებული არასდროს არ ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი“, - განაცხადა ალასანიამ.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 12 მაისს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

XS
SM
MD
LG