Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირიდან უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფა - ANSA


უნგრეთმა დაბლოკა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის გადაცემა. ტრანშის ოდენობა 500 მილიონი ევროა და მისი გამოყოფა მომავალ ორშაბათს იგეგმებოდა.

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ბუდაპეშტმა მოითხოვა გარანტიები, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი მომავალში შეინარჩუნებს გლობალურ სტატუსს და არ იქნება გამოყენებული ექსკლუზიურად კიევის შეიარაღებისთვის.

უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას თანმიმდევრულად არ გმობს. ქვეყანა კვლავაც დამოკიდებულია რუსეთის ენერგომატარებლებზე.

ვაშინგტონში უნგრეთის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლება ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შორის 150 000-მდე უკრაინელ უნგრელს ჩაგრავს.

ვეტოს უფლების გამოყენებით, ქვეყანამ არაერთხელ დაბლოკა ევროკავშირის უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის დამგმობი გადაწყვეტილებები. მაგალითად, ბუდაპეშტმა დაბლოკა პანევროპულ დონეზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების დამტკიცება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმiრ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების თაობაზე. მათ ICC უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშაულებს.

  • ევროპის მშვიდობის ფონდი არის ევროკავშირის ქვეყნების ორგანიზაცია, რომელშიც კავშირის ყველა ქვეყანას შეაქვს თავისი წვლილი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე ფონდმა არაერთხელ გამოუყო მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტები უკრაინას როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული მიზნებისთვის.
XS
SM
MD
LG