უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გაწევას ევროპის მშვიდობის ფონდიდან.
სააგენტო Reuters-მა უნგრეთის მთავრობის პრესსამსახურისგან მიიღო ოფიციალური პასუხი, რომ უნგრეთი არ ეთანხმება ფონდიდან თანხების გამოყოფას მხოლოდ უკრაინისთვის, რადგან ეს აფერხებს საკმარისი სახსრების მიმართვას ევროკავშირის ინტერესთა შესაბამის სხვა სფეროებში. მათ შორის ბუდაპეშტი ასახელებს ბალკანეთს და ჩრდილოეთ აფრიკას.
16 მაისს, იტალიურმა სააგენტო ANSA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა დაბლოკა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის ახალი ტრანშის, 500 მილიონი ევროს გამოყოფა.
ევროპის მშვიდობის ფონდი 2021 წელს შეიქმნა და მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აფინანსებენ. ფონდიდან უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით უკვე გაცემულია დაახლოებით 3.6 მილიარდი ევრო.
ევროკავშირის და ნატოს წევრმა უნგრეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უარი თქვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე და არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებიც.