Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დაიწყო პუტჩის მზადებაში ბრალდებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი


ოთხშაბათს გერმანიაში დაიწყო პუტჩის მომზადებაში ბრალდებული ხუთი მოქალაქის სასამართლო პროცესი. გამომძიებლების თქმით, ოთხი მამაკაცი და ერთი ქალი გეგმავდა გერმანიაში ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებას. ყველა მათგანი მიეკუთვნება ე.წ. „რაიხსბიურგერების“ მემარჯვენე ექსტრემისტულ მოძრაობას. ამ მოძრაობის წევრები არ აღიარებენ გფრ-ს ლეგიტიმურობას და მონარქიაში დაბრუნებას მოითხოვენ.

Deutsche Welle-ს ცნობით, ოთხი მამაკაცი დააკავეს 2022 წლის აპრილში, ხოლო ქალი, რომელსაც გამოძიება ჯგუფის ლიდერად მიიჩნევს, ოქტომბერში. ყველანი პატიმრობაში იმყოფებიან. ფედერალური პროკურორების თქმით, შეთქმულებმა შეიმუშავეს სამეტაპიანი გეგმა მთავრობის დამხობის მიზნით. როგორც პროკურორები აცხადებენ, ამ მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯი იყო გერმანიის მასშტაბით ელექტრომომარაგების სისტემების მწყობრიდან გამოყვანა მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ კარლ ლაუტერბახის გატაცება იარაღის გამოყენებით, შესაძლოა მისი დაცვის წევრთა მოკვლის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს იმედი ჰქონდათ, რომ შექმნიდნენ „სამოქალაქო ომის მსგავს პირობებს“. ისინი ბერლინში გეგმავდნენ შეხვედრას მთავრობის დასამხობად და ახალი „ლიდერების“ დასანიშნად. ამ გეგმებიდან არაფერი გამოვიდა - იარაღის ყიდვისას ეჭვმიტანილები გადაეყარნენ სპეცსამსახურების თანამშრომელს, რომელიც შენიღბულად მოქმედებდა.

საერთო ჯამში გასული წლის დეკემბრისთვის „რაიხსბიურგერების“ საქმეზე სულ მცირე 25 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო რუსეთის მოქალაქე, ქალი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, რუს ულტრამემარჯვენეებთან კავშირებზე მუშაობდა.

XS
SM
MD
LG