Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გამო ქართველების შეშფოთება სამართლიანია


კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში ახალი პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე. მან თქვა, რომ გასაგებია, რატომ იწვევს ეს თემა საქართველოს მოქალაქეების შეშფოთებას.

„მე კარგად მესმის, რატომ ღელავენ საქართველოს მოქალაქეები. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთში, დაახლოებით, 130 000 ქართველი ცხოვრობს, მათ უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მას, ვისაც რუსეთის დატოვება უნდოდა, გასულ წელს დატოვა.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მეტწილად სარგებელს მოუტანს არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა.

მე ვფიქრობ, რომ სრულიად გასაგებია, რატომ ნერვიულობენ ადამიანები. მათ არ იციან, რა გავლენა ექნება ამ პროცესს საქართველოზე. მათ სურთ იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირებას, განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დაკავებას სამხრეთ ოსეთში, აგრძელებს ზეწოლას ამ ქვეყანაზე და განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმას და მის დაბომბვას. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველი ხალხის შეშფოთება სამართლიანია“, - თქვა ელჩმა.

საქართველოში მოსკოვიდან პირველი ავიარეისი დღეს, 19 მაისს, შესრულდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველომ კომპანია "აზიმუტის" გარდა, პირდაპირი რეისების შესრულების უფლება მისცა კიდევ ერთ რუსულ კომპანიას, Red Wings-ს. ეს უკანასკნელი ფრენებს ივნისიდან დაიწყებს სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით.

XS
SM
MD
LG