Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსიკოს ბორის გრებენშჩიკოვზე რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისთვის“ სასამართლომ ოქმი შეადგინა


ბორის გრებენშჩიკოვი. ვიაჩესლავ სტოლბოვის ფოტო
ბორის გრებენშჩიკოვი. ვიაჩესლავ სტოლბოვის ფოტო

პოეტისა და მუსიკოსის, ბორის გრებენშჩიკოვის წინააღმდეგ შედგენილია ოქმი რუსეთის არმიის "დისკრედიტაციის" მუხლით, იუწყება „მედიაზონა“.

გრებენშჩიკოვის საქმე, მოსკოვის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოების ვებგვერდის თანახმად, დედაქალაქის ტვერსკოის რაიონულ სასამართლოში განიხილება. უცნობია, თუ როდის ჩატარდება სასამართლო სხდომა და კონკრეტულად რა იყო ოქმის შედგენის მიზეზი.

გრებენშჩიკოვმა ერთ-ერთ ტელეგრამის არხს განუცხადა, რომ არაფერი იცის იმ მოტივების შესახებ, რისთვისაც მის წინააღმდეგ რუსეთის არმიის "დისკრედიტაციის" შესახებ ოქმია შედგენილი. "ჯარზე საერთოდ არაფერი მითქვამს", - აღნიშნა მუსიკოსმა და დასძინა, რომ რუსეთში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, გრებენშჩიკოვი ლონდონში გაემგზავრა.

2023 წლის იანვარში სახელმწიფო დუმის დეპუტატმა "ერთიანი რუსეთიდან", სულთან ხამზაევმა, საგამოძიებო კომიტეტს მიმართა თხოვნით, შეემოწმებინა გრებენშჩიკოვის სიტყვები ტერორიზმის ხელშეწყობისა და რუსული არმიის "დისკრედიტაციის" შესახებ. ხამზაევის თქმით, მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში "სახსრების უკრაინის დასახმარებლად მიმართვის" შესახებ განაცხადა და ასევე "გააკრიტიკა" რუსული არმიის ქმედებები უკრაინაში. დეპუტატმა გრებენშჩიკოვის განცხადებებს უწოდა "იდეოლოგიური ომის" ელემენტი, რომელიც მიზნად "დამარცხებისკენ მიმართული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას“ ემსახურება.

XS
SM
MD
LG